სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სადოქტორო პროგრამის დასახელება: კულტურის და მედიის სოციოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციოლოგიის დოქტორი
დადგენილების ნომერი №8750 (დანართი №252)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ამირან ბერძენიშვილი; ასოცირებული პროფესორი ლია წულაძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 30 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კომპონენტი 25 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 5 ECTS კრედიტი
სადოქტორო პროგრამის მიზანია დამოუკიდებელი და სრულფასოვანი მკვლევრების მომზადება კულტურის და მედიის სოციოლოგიის სფეროში, რომლებიც შეძლებენ:
• დარგობრივი ცოდნის გამდიდრებას ორიგინალური თეორიული და/ან მეთოდოლოგიური ხედვის შემოთავაზებით;
• ახალი ცოდნის შექმნის მიზნით ინოვაციური კვლევების განხორციელებას თვისებრივი და/ან რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით, ან მათი ინტეგრირების გზით, ხოლო მიღებული შედეგების გავრცელებას და დანერგვას როგორც საგანმანათლებლო სფეროში, ასევე შრომის ბაზარზე;
• მულტიდისციპლინური პერსპექტივის განვითარებას, მომიჯნავე სფეროების (კულტურის ანთროპოლოგია, კულტურის კვლევები, მედიის კვლევები, კროსკულტურული ფსიქოლოგია და სხვ.) უახლესი მონაცემების ინტეგრირების საფუძველზე;
• სწავლების უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურები) საკუთარი ცოდნის გადაცემასა და კომპეტენტური კადრების მომზადებას;
მომავალი თაობის პროფესიულ განვითარებასა და საზოგადოების წინსვლაში შესაბამისი წვლილის შეტანას.
1. პროგრამაზე დაიშვებიან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები, მაგისტრისან გათანაბრებული ხარისხის მქონე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში,,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღიარებული დიპლომის მფლობელი პირები, რომლებიც სოციალური თეორიის და მეთოდების (რაოდენობრივი და თვისებრივი) სათანადო კომპეტენციას ფლობენ, რათა ემპირიული კვლევის წარმართვა და შესაბამისი სოციალური თეორიებით მისი გამყარება შეძლონ;
2. ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
3. სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
4. გასაუბრება და გასაუბრების შედეგების საფუძველზე დოქტორანტურაში მიმღები კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაცია;
5. სადოქტორო კვლევითი პროექტის (პროსპექტუსი) გეგმა, რომელსაც დოქტორნატურაში ჩაბარების მსურველი წარმოადგენს.
სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
ცოდნა და გაცნობიერება
კულტურის და მედიის სოციოლოგიაში თანამედროვე თეორიების ორიგინალური ინტერპრეტირება, სისტემური და კრიტიკული გააზრების საფუძველზე;
ინფორმაციულ საზოგადოებაში სოციოკულტურულ პროცესთა კრიტიკული ანალიზი, მათ შესასწავლად ემპირიული კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება თვისებრივი და/ან რაოდენობრივი კვლევის მეთოდებისა და ანალიტიკური მიდგომების ინოვაციური სინთეზით;
კულტურის და მედიის ფენომენების საკვლევად ინტერდისციპლინური და მულტიმეთოდური მიდგომის სპეციფიკის გაცნობიერება და უპირატესობის აღიარება ვიწრო დისციპლინურ ხედვასთან შედარებით;
დამოუკიდებლად განხორციელებული კვლევის საფუძველზე, პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ხედვის შეთავაზება და საკვლევ სფეროში არსებული ცოდნის განახლებაში წვლილის შეტანა.
უნარი
აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, კვლევის თითოეული ეტაპის დამოუკიდებლად დაგეგმვა: საკვლევი ინსტრუმენტებისა და შესაბამისი კვლევის მეთოდების დამოუკიდებლად შერჩევა-დასაბუთება, მათი ინოვაციური გამოყენება და მიღებული მონაცემების სათანადო კოდირება, კატეგორიზაცია, ანალიზი, სინთეზი, კრიტიკული შეფასება და ემპირიული მიგნებების ორიგინალური ინტერპრეტაცია;
სოციოკულტურული პრობლემების ახლებურად გააზრება რთული ან წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზით და მათ საფუძველზე ახალი კვლევითი ან ანალიტიკური მიდგომების შემუშავება; მიღებული ცოდნის და უნარების სხვადასხვა სოციოკულტურულ გარემოში გამოყენება;
ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან შემოქმედებითი ინტეგრაცია და კვლევის შედეგების პუბლიკაციის სახით წარდგენა, საერთაშორისო რეფერირებადი სტანდარტის შესაბამისად;
დაგროვილი ექსპერტიზის საფუძველზე, საკვლევი თემატიკის შესაბამისი სასწავლო-მეთოდური მასალების მომზადება და სასწავლო პროცესის წარმართვა სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებით.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
ინოვაციურობისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირებით, საკუთარ და სხვათა აკადემიურ თუ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
რესპონდენტებთან ეთიკური და კორექტული ურთიერთობა, მათი კონფიდენციალობის დაცვა და კვლევის ეთიკის ძირითადი პრინციპების ზედმიწევნით განხორციელება;
აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა და დარგში პროფესიული ღირებულებების დამკვიდრებისა და განმტკიცების ხელშეწყობა.
სამთავრობო და არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ორიენტირებულია სოციოკუტურული ცვლილებების დინამიკის წვდომაზე; კულტურის და მედიის კვლევების და ზოგადად, სოციოლოგიის სასწავლო პროგრამების მქონე უმაღლესი სასწავლებლები; სამეცნიერო/კვლევითი ცენტრები, პოლიტიკური კონსულტაციის ცენტრები, მასმედიის საშუალებები, პრესცენტრები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები.